Loading...

რა განსხვავებაა დეპოზიტებს შორის?

ამბები
July 7, 2022

მოდით ერთად გავარკვიოთ, რითი განსხვავდებიან დეპოზიტები?

ანაბრის ტიპები ერთმანეთისგან ძირითადად ორი პირობით გასნხვავდება:

  1. შესაძლებელია თუ არა ანაბრის თანხის პერიოდული ზრდა ან კლება.
  2. შესაძლებელია თუ არა თანხის ნებისმიერ დროს გამოყენება.

საპროცენტო განაკვეთი მით მეტია ანაბარზე, რაც მეტი ვადით ვანდობთ ბანკს ჩვენს თანხას. 

ვადიანი ანაბარი. იმ შემთხვევაში, თუ გვინდა ბანკში კონკრეტული ვადით დავდოთ თანხა, უკეთესი იქნება გავხსნათ ვადიანი ანაბარი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეუძლებელია თანხის დამატება ან გამოტანა. ანაბრის ვადამდე ადრე დარღვევის შემთხვევაში ბანკი დეპოზიტს არიცხავს გაცილებით დაბალ პროცენტს, ვიდრე ვადის ბოლომდე რომ დაგვეტოვებინა.

ზრდადი ანაბარი. თუ ჩვენი მიზანი თანხის დაგროვებაა, ზრდადი ანაბრის გამოყენება საუკეთესო არჩევანი იქნება. თითქმის ყოველ  ბანკში მსგავსი დეპოზიტის გახსნა მცირე თანხით არის შესაძლებელი. შეგვიძლია ანაბარზე თავად დავიწესოთ მინიმალური შენატანი, რათა გავაკონტროლოთ დასახული მიზნის განხორციელება. როგორც ვადიანი ანაბრიდან, ზრდადი ანაბრიდანაც შეუძლებელია თანხის ნაწილობრივ ან სრულად გამოტანა. ამ შემთხვევაში მოგვიწევს ანაბრის დარღვევა და გაცილებით ნაკლები სარგებლის მიღება, ვიდრე ვადის ბოლოს.

ვადიან და ზრდად ანაბრებზე დარიცხული პროცენტის გამოყენება შეგვიძლია როგორც ყოვეთვიურად, ისე წლის ბოლოს. ყოველთვიურად პროცენტის გამოტანისას განაკვეთი 0,5-1%-ით ნაკლებია.

შემნახველი/მოთხოვნამდე ანაბარი. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს თანხა, რომელიც შესაძლოა ახლო მომავალში დაგვჭირდეს, თუმცა არ ვიცით ზუსტი დრო, უკეთესია გავხსნათ შემნახველი,იგივე მოთხოვნამდე ანაბარი. მსგავს დეპოზიტს როგორც წესი გაცილებით დაბალი პროცენტი ერიცხება, ვიდრე ვადიანს ან ზრდადს. დეპოზიტზე თანხა შეგვიძლია ყოველდღიურად დავამატოთ ან გამოვიტანოთ თანხა. 

საბავშვო ანაბარი. თუ შვილის სწავლისთვის თანხის დაგროვება გვაქვს გადაწყვეტილი, ამისთვის არსებობს სპეციალურად შექმნილი პროდუქტი, რომელიც ბავშვის სრულწლოვან ასაკამდე იხსნება.  ვადამდე მისი დარღვევა მშობლის ან მეურვის თანხმობით არის მხოლოდ შესაძლებელი. საბავშვო ანაბრის საპროცენტო განაკვეთი როგორც წესი, მაღალია.

ნებისმიერი კომერციული ბანკი, სადაც ჩვენ ვხსნით დეპოზიტს, კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რომლის საქმიანობა და უფლებები საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. გარდა ამისა, 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“. შემთხვევის დადგმომისას ანაბრის მფლობელსაუნაზღაურდება თანხა 15,000 ლარის ფარგლებში, დანარჩენი კი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 

რაც შეეხება სტატისტიკას, 2022 წლის პირველი იანვრისთვის ქართულ ბანკებში განთავსებული იყო ჯამში 38 მილიარდი ლარი. მათგან თითქმის 15 მილიარდი ნომინირებული  იყო ლარში, დარჩენილი 23 მილიარდი კი - ვალუტაში. მთლიანი თანხის 30% განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე,  28% წარმოდგენილი იყო შემნახველ ანაბარზე, ხოლო ყველაზე დიდი მოცულობა 42% წარმოდგენილი იყო  ვადიანი და ზრდადი ანაბრებით. 

ლარში ვადიან დეპოზიტებზე 2022 წლის დასაწყისისთვის დაწესებული იყო საშუალოდ 11,6%, შემნახველ კი - 7%. ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი 2,1% და 0,7% იყო.

ანაბრების მოცულობის მხოლოდ 12%-ია  5,000 ნომინალამდე, 26%-ია 5,000-25,000 დიაპაზონში, 31%-ია 25,000-დან 100,000 მდე ნომინალში, ხოლო დანარჩენი 30% აღემატება 100,000-ის ნომინალს.

შეამოწმეთ ჩვენი გვერდი დეოზიტების შესახებ სასარგებლო ინფორმაციით აქ >>


ტეგები:

დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top